2024 წელს თბილისის საცხოვრებელი უძრავი ქონების ბაზარზე ტურბულენტური გარემოს მიუხედავად, ბინების ჯამური გაყიდვები წლიურად 1%-ით გაიზარდა. ამასთან, მიწოდების მხარეს, მშენებლობაზე გაცემული ნებართვების მოცულობა წლიურად 6.7%-ით შემცირდა რეკორდულად მაღალი 2023 წლის შემდეგ, თუმცა კვლავ მაღალ ნიშნულზეა. საშუალო ფასი აშშ დოლარში პირველად ბაზარზე 2024 წელს 11.6%-ით გაიზარდა, თუმცა ფასების ზრდის ტემპი წინა წლებთან შედარებით შენელდა. 2025 წელს მოთხოვნის შენელებაა მოსალოდნელი შიდა პოლიტიკური არასტაბილურობის გამო - ეკონომიკური ზრდის პროგნოზირებული შენელება, ლარის გაუფასურება და იჯარის შემოსავლიანობის მოსალოდნელი შემცირება უძრავი ქონების მოთხოვნაზე მოქმედი ძირითადი ფაქტორები იქნება.
2024 წლის ნოემბერში, ოფიციალურ რეგისტრაციებზე დაყრდნობით, თბილისში სულ 3,513 ტრანზაქცია დაფიქსირდა, რაც წლიურად 6.5%-იანი ზრდაა. ტრანზაქციების ზრდა ასევე ფიქსირდება დეველოპერების გამოკითხვით, რაც რეალურ დროში მიმდინარე ტენდენციას უკეთესად ასახავს. ბინების გაყიდვები შერჩეული დეველოპერების პროექტებში თვიურად 12.3%-ით გაიზარდა და წლიურად უცვლელი დარჩა, რაც არჩევნების დასრულების შემდეგ დაგროვილ მოთხოვნას უკავშირდება. აღსანიშნავია, რომ პირველად ბაზარზე ნოემბერში ფასები თვიურად მცირედით, 0.4%-ით გაიზარდა და $1,312-ს მიაღწია. ამასთან, მიწოდების მხარეს, მშენებლობაზე გაცემული ნებართვების მოცულობამ ივნის-სექტებერში დაფიქსირებული ჩავარდნის შემდეგ ზრდა განაგრძო და წლიურად 74.3%-ით გაიზარდა.
2024 წლის ოქტომბერში, ოფიციალურ რეგისტრაციებზე დაყრდნობით, თბილისში სულ 3,750 ტრანზაქცია დაფიქსირდა, რაც წლიურად 12.8%-იანი, ხოლო თვიურად 6.3%-იანი ზრდაა. თუმცა, დეველოპერების გამოკითხვის მიხედვით, რომელიც რეალურ დროში მიმდინარე ტენდენციას უკეთესად ასხავს, უძრავ ქონებაზე მოთხოვნა თბილისში ოქტომბერში შენელდა. ბინების გაყიდვები შერჩეული დეველოპერების პროექტებში თვიურად 10.9%-ით, ხოლო 2024 წლის პირველი 4 თვის საშუალოსთან შედარებით (როცა გაყიდვების ტემპი მაღალი იყო) 11.8%-ით შემცირდა, რაც შიდა პოლიტიკურ არასტაბილურობას უკავშირდება. აღსანიშნავია, რომ პირველად ბაზარზე ოქტომბერში ფასები თვიურად მცირედით, 0.3%-ით გაიზარდა და $1,307-ს მიაღწია. ამასთან მიწოდების მხარეს, მშენებლობაზე გაცემული ნებართვების მოცულობა წლიურად 55.8%-ით გაიზარდა, ოთხთვიანი შემცირების შემდეგ.