იპოვე სასურველი უძრავი ქონება

გაყიდვა

თბილისის საცხოვრებელი უძრავი ქონება - ნოემბერი 2024

2024 წლის ნოემბერში, ოფიციალურ რეგისტრაციებზე დაყრდნობით, თბილისში სულ 3,513 ტრანზაქცია დაფიქსირდა, რაც წლიურად 6.5%-იანი ზრდაა. ტრანზაქციების ზრდა ასევე ფიქსირდება დეველოპერების გამოკითხვით, რაც რეალურ დროში მიმდინარე ტენდენციას უკეთესად ასახავს. ბინების გაყიდვები შერჩეული დეველოპერების პროექტებში თვიურად 12.3%-ით გაიზარდა და წლიურად უცვლელი დარჩა, რაც არჩევნების დასრულების შემდეგ დაგროვილ მოთხოვნას უკავშირდება. აღსანიშნავია, რომ პირველად ბაზარზე ნოემბერში ფასები თვიურად მცირედით, 0.4%-ით გაიზარდა და $1,312-ს მიაღწია. ამასთან, მიწოდების მხარეს, მშენებლობაზე გაცემული ნებართვების მოცულობამ ივნის-სექტებერში დაფიქსირებული ჩავარდნის შემდეგ ზრდა განაგრძო და წლიურად 74.3%-ით გაიზარდა.

თბილისის საცხოვრებელი უძრავი ქონება - ოქტომბერი 2024

2024 წლის ოქტომბერში, ოფიციალურ რეგისტრაციებზე დაყრდნობით, თბილისში სულ 3,750 ტრანზაქცია დაფიქსირდა, რაც წლიურად 12.8%-იანი, ხოლო თვიურად 6.3%-იანი ზრდაა. თუმცა, დეველოპერების გამოკითხვის მიხედვით, რომელიც რეალურ დროში მიმდინარე ტენდენციას უკეთესად ასხავს, უძრავ ქონებაზე მოთხოვნა თბილისში ოქტომბერში შენელდა. ბინების გაყიდვები შერჩეული დეველოპერების პროექტებში თვიურად 10.9%-ით, ხოლო 2024 წლის პირველი 4 თვის საშუალოსთან შედარებით (როცა გაყიდვების ტემპი მაღალი იყო) 11.8%-ით შემცირდა, რაც შიდა პოლიტიკურ არასტაბილურობას უკავშირდება. აღსანიშნავია, რომ პირველად ბაზარზე ოქტომბერში ფასები თვიურად მცირედით, 0.3%-ით გაიზარდა და $1,307-ს მიაღწია. ამასთან მიწოდების მხარეს, მშენებლობაზე გაცემული ნებართვების მოცულობა წლიურად 55.8%-ით გაიზარდა, ოთხთვიანი შემცირების შემდეგ.

რეგიონალური საცხოვრებელი უძრავი ქონება - 3Q24 მიმოხილვა

2022-23 წლებში რეკორდულად მაღალი მოთხოვნის შემდეგ, ბათუმის უძრავი ქონების ბაზარზე 2024 წელს გაყიდვების ტემპი შენელდა. ეს შენელება განპირობებული იყო სხვადასხვა ფაქტორების ერთობლიობით, მათ შორის მიგრანტების ეტაპობრივი გადინებით, ფასების ზრდით, მაღალი საპროცენტო განაკვეთებითა და ქვეყნის შიდა პოლიტიკური არასტაბილურობით. ამის მიუხედავად, ბათუმის უძრავი ქონების ბაზარი შესადარის ქალაქებთან შედარებით ერთ-ერთი ყველაზე მაღალი შემოსავლიანობით ხასიათდება. ფასები კვლავ იზრდება, თუმცა ზრდის ტემპი შენელებულია და 2025 წლისთვის ჩვენ ველოდებით ფასების არსებულ დონეზე დასტაბილურებას. ამასთან, ფასის ზრდის პოტენციალს ვხედავთ უცხოელი მყიდველების მხრიდან მოთხოვნის შემდგომი ზრდის შემთხვევაში.