იპოვე სასურველი უძრავი ქონება

მშენებლობა

თბილისის საცხოვრებელი უძრავი ქონება - იანვარი 2025

2025 წლის იანვარში გაყიდვებმა შერჩეული დეველოპერების პროექტებში კლება განაგრძო და წლიურად 7.5%-ით შემცირდა. მეორად ბაზარზე გაყიდვები წლიურად 9.3%-ით შემცირდა და 1,363 ბინა შეადგინა. პირველად ბაზარზე კვადრატული მეტრის საშუალო ფასი უცვლელი დარჩა და 1,319 აშშ დოლარი შეადგინა. თბილისში სულ 242.2 მლნ აშშ დოლარის ღირებულების ბინა გაიყიდა, რაც წლიურად 5.7%-იანი ზრდაა. თბილისში საშუალო ზომის ბინის (50-60 მ2) ქირის ფასი უცვლელი დარჩა და კვადრატულზე 9.7 აშშ დოლარი შეადგინა. მკვეთრად შემცირდა გაცემული ნებართვების საცხოვრებელი ფართობი და 71,296 კვ.მ. შეადგინა (-46.1% წ/წ).

თბილისის საცხოვრებელი უძრავი ქონება - 2024 სრული წლის შეჯამება

2024 წელს თბილისის საცხოვრებელი უძრავი ქონების ბაზარზე ტურბულენტური გარემოს მიუხედავად, ბინების ჯამური გაყიდვები წლიურად 1%-ით გაიზარდა. ამასთან, მიწოდების მხარეს, მშენებლობაზე გაცემული ნებართვების მოცულობა წლიურად 6.7%-ით შემცირდა რეკორდულად მაღალი 2023 წლის შემდეგ, თუმცა კვლავ მაღალ ნიშნულზეა. საშუალო ფასი აშშ დოლარში პირველად ბაზარზე 2024 წელს 11.6%-ით გაიზარდა, თუმცა ფასების ზრდის ტემპი წინა წლებთან შედარებით შენელდა. 2025 წელს მოთხოვნის შენელებაა მოსალოდნელი შიდა პოლიტიკური არასტაბილურობის გამო - ეკონომიკური ზრდის პროგნოზირებული შენელება, ლარის გაუფასურება და იჯარის შემოსავლიანობის მოსალოდნელი შემცირება უძრავი ქონების მოთხოვნაზე მოქმედი ძირითადი ფაქტორები იქნება.

თბილისის საცხოვრებელი უძრავი ქონება - ნოემბერი 2024

2024 წლის ნოემბერში, ოფიციალურ რეგისტრაციებზე დაყრდნობით, თბილისში სულ 3,513 ტრანზაქცია დაფიქსირდა, რაც წლიურად 6.5%-იანი ზრდაა. ტრანზაქციების ზრდა ასევე ფიქსირდება დეველოპერების გამოკითხვით, რაც რეალურ დროში მიმდინარე ტენდენციას უკეთესად ასახავს. ბინების გაყიდვები შერჩეული დეველოპერების პროექტებში თვიურად 12.3%-ით გაიზარდა და წლიურად უცვლელი დარჩა, რაც არჩევნების დასრულების შემდეგ დაგროვილ მოთხოვნას უკავშირდება. აღსანიშნავია, რომ პირველად ბაზარზე ნოემბერში ფასები თვიურად მცირედით, 0.4%-ით გაიზარდა და $1,312-ს მიაღწია. ამასთან, მიწოდების მხარეს, მშენებლობაზე გაცემული ნებართვების მოცულობამ ივნის-სექტებერში დაფიქსირებული ჩავარდნის შემდეგ ზრდა განაგრძო და წლიურად 74.3%-ით გაიზარდა.