იპოვე სასურველი უძრავი ქონება

სიახლეები

თბილისის საცხოვრებელი უძრავი ქონება - იანვარი 2025

2025 წლის იანვარში გაყიდვებმა შერჩეული დეველოპერების პროექტებში კლება განაგრძო და წლიურად 7.5%-ით შემცირდა. მეორად ბაზარზე გაყიდვები წლიურად 9.3%-ით შემცირდა და 1,363 ბინა შეადგინა. პირველად ბაზარზე კვადრატული მეტრის საშუალო ფასი უცვლელი დარჩა და 1,319 აშშ დოლარი შეადგინა. თბილისში სულ 242.2 მლნ აშშ დოლარის ღირებულების ბინა გაიყიდა, რაც წლიურად 5.7%-იანი ზრდაა. თბილისში საშუალო ზომის ბინის (50-60 მ2) ქირის ფასი უცვლელი დარჩა და კვადრატულზე 9.7 აშშ დოლარი შეადგინა. მკვეთრად შემცირდა გაცემული ნებართვების საცხოვრებელი ფართობი და 71,296 კვ.მ. შეადგინა (-46.1% წ/წ).

ბათუმის საცხოვრებელი უძრავი ქონება - 2024 სრული წლის მიმოხილვა

2022-23 წლებში რეკორდულად მაღალი მოთხოვნის შემდეგ, ბათუმის უძრავი ქონების ბაზარზე 2024 წელს გაყიდვების ტემპმა იკლო. ეს კლება განპირობებული იყო სხვადასხვა ფაქტორების ერთობლიობით, მათ შორის ქვეყნის შიდა პოლიტიკური არასტაბილურობით, მიგრანტების ეტაპობრივი გადინებით, მოკლე ვადაში დასრულებადი პროექტების შეზღუდული ხელმისაწვდომობით (პროექტები, რომლებიც 2025 წელს სრულდება, თითქმის სრულად გაყიდულია), და სხვა. ამის მიუხედავად, ბათუმის უძრავი ქონების ბაზარი შესადარის ქალაქებთან შედარებით ერთ-ერთი ყველაზე მაღალი შემოსავლიანობით ხასიათდება. ფასები კვლავ იზრდება, თუმცა ზრდის ტემპი შენელებულია. მომდევნო წლებში დაგეგმილი მიწოდების გათვალისწინებით, 2025 წელს, ჩვენი მოლოდინით, ფასები არსებულ დონეზე დასტაბილურდება. ამასთან, მოსალოდნელია ქირის ამონაგების შემცირება, თუ ტურისტული ნაკადები მნიშვნელოვანად არ გაიზრდება.

თბილისის საცხოვრებელი უძრავი ქონება - 2024 სრული წლის შეჯამება

2024 წელს თბილისის საცხოვრებელი უძრავი ქონების ბაზარზე ტურბულენტური გარემოს მიუხედავად, ბინების ჯამური გაყიდვები წლიურად 1%-ით გაიზარდა. ამასთან, მიწოდების მხარეს, მშენებლობაზე გაცემული ნებართვების მოცულობა წლიურად 6.7%-ით შემცირდა რეკორდულად მაღალი 2023 წლის შემდეგ, თუმცა კვლავ მაღალ ნიშნულზეა. საშუალო ფასი აშშ დოლარში პირველად ბაზარზე 2024 წელს 11.6%-ით გაიზარდა, თუმცა ფასების ზრდის ტემპი წინა წლებთან შედარებით შენელდა. 2025 წელს მოთხოვნის შენელებაა მოსალოდნელი შიდა პოლიტიკური არასტაბილურობის გამო - ეკონომიკური ზრდის პროგნოზირებული შენელება, ლარის გაუფასურება და იჯარის შემოსავლიანობის მოსალოდნელი შემცირება უძრავი ქონების მოთხოვნაზე მოქმედი ძირითადი ფაქტორები იქნება.